Tuesday, August 28, 2018

„იაგუარ I-პეისმა“ ამერიკულ ტრეკ ლაგუნა სეკას წრის რეკორდი დაამყარა

„იაგუარ I-პეისმა“ ლაგუნა სეკას (მონტერეი, კალიფორნია) სარბოლო ტრეკზე, სერიული ელექტრომობილებისთვის, წრის გავლის რეკორდ დაამყარა. ბრიტანული კომპანიის პირველმა ელექტრომობილმა 11-მოსახვევიანი წრე წუთსა და 48.18 წამში გაიარა. ელექტრული ქროსოვერი მონტერეის, იქ გასამართ ელეგანტურობის კონკურსში მონაწილეობისთვის ესტუმრა.

ავტომობილს პროფესიონალი მრბოლი რენდი პობსტი მართავდა. გამოცემა „მოტორ ტრენდის“ ინფორმაციით, პობსტმა ლაგუნა სეკაზე სერიული ოთხკარიანი ელექტრომობილებისთვის, რეკორდული დრო დააფიქსირა. ჟურნალი ამ გარბენის შესახებ, თავის სექტემბრის ნომერში მოყვება.
„იაგუარ I-პეისი“ დინამიურობის და სისწრაფის გარდა, ის კომფორტულიც არის და ექსპლუატაციაში მოსახერხებელიც. მისი სვლის სიშორე, EPA-ს (აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო) სტანდარტის შესაბამისად, ავტომობილს ერთი სრული დამუხტვით, 350 კილომეტრის გავლა შეუძლია, WLTP სტანდარტით (უორლდ ჰარმონიზედ ლაით ვიიქლზ ტესტ პროსიდურ) კი, 480 კილომეტრს გადის. ამას ლითიუმ-იონური ელემენტების (სულ 432 ელემენტი) ბლოკი უზრუნველყოფს, რომლის ტევადობაც 90 კილოვატსაათია. 100-კილოვატიანი სისტემით, ბლოკის 80 პროცენტით დასამუხტად, 40 წუთია საკმარისი.
ელემენტების ბლოკი მაქსიმალურად დაბლა, ღერძებს შორის განლაგდა, რითაც დაბალი სიმძიმის ცენტრი და ღერძებს შორის წონის თანაბრად (50:50-ზე) განაწილება უზრუნველყო. ამ ყველაფერმა კი მოსახვევში ავტომობილის დინამიურობა განაპირობა. ავტომობილის კონსტრუქციაში მაქსიმალურად არის გამოყენებული ალუმინი, რამაც ინჟინრებს წონის შემცირების საშუალება მისცა.
„იაგუარ I-პეისი“ მუხრუჭების ორი რეჟიმით მართვის საშუალებას იძლევა. ესენია მაღალი და დაბალი დონის რეგენერაციის რეჟიმები. მაღალი დონის რეგენერაციის მეშვეობით, შესაძლებელია ენერგიის დაზოგვა და შესაბამისად, მეტი მანძილის გავლა. ამ დროს, გარკვეულ პირობებში, ავტომობილის ერთი პედლით მართვაც კი შეიძლება. საკმარისია ფეხის აქსელერატორის პედლიდან აღება, რომ ირთვება ენერგიის რეგენერაციის სისტემა, რომელიც მუხრუჭების ენერგიის ელექტრობად გარდაქმნის გარდა, ავტომობილის შენელებასაც უზრუნველყოფს.
„იაგუარ I-პეისი“ სრულ ამძრავიანი ავტომობილია. ის ორი ელექტრო ძრავით არის აღჭურვილი, რომლებიც თითო ღერძს ემსახურება. მათი ჯამური სიმძლავრე 400 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 696 ნიუტონმეტრი. ელექტრულ სპორტულ ქროსოვერს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა 4.5 წამში შეუძლია.

No comments:

Post a Comment