Sunday, August 26, 2018

„იაგუარ E-ტაიპ ზერო“ - კლასიკა ელექტრული გულით


მას შემდეგ, რაც კლასიკურ თემაზე შესრულებულ კონცეპტუალურ ელექტრომობილ „E-ტაიპ ზეროზე“ უაღრესად დადებითი გამოხმაურება მიიღო, „იაგუარ კლასიკმა“ ამ ავტომობილის მცირე რაოდენობით გამოშვებაც გადაწყვიტა. ამ ავტომობილს მიმომხილველებმა „მსოფლიოში ულამაზესი ელექტრული ავტომობილი“ შეარქვეს.

 „იაგუარ E-ტაიპ ზერო“ შეკვეთებით დამზადდება და „იაგუარ კლასიკი“ მის საფუძვლად, აღდგენილ „E-ტაიპებს“ გამოიყენებს. აღდგენის შემდეგ, ავტომობილი ელექტრულ ქროსოვერ „I-პეისის“ ძალური დანდგარით აღიჭურვება და ამ სამუშაოსაც კლასიკური ავტომობილების საწარმო შეასრულებს, სადაც შეკვეთებით კლასიკური „E-ტაიპ რიბორნ“ დამზადდა.
გარდა ამისა, „იაგუარი“ ჩვეულებრივი „E-ტაიპის“ იმ მფლობელებისგანაც მიიღებს შეკვეთებს, რომლებიც თავიანთი კლასიკური ავტომობილების ელექტრული ძალური სისტემით აღჭურვას მოისურვებენ.

„ჩვენ აღტაცებულნი ვართ იმ გამოხმაურებით, რომელიც კონცეპტ იაგუარ E-ტაიპ ზეროზე მივიღეთ. ამ ავტომობილში შერწყმულია კლასიკური E-ტაიპ-ის მემკვიდრეობა, „კლასიკ უორკსის“ შესაძლებლობები და „იაგუარ ლენდ როვერის“ მონდომება, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილები გამოუშვას“, - ამბობს „იაგუარ ლენდ როვერ კლასიკის“ დირექტორი ტიმ ჰანიგი.
კომპანიას „E-ტაიპ ზეროს“ ტექნიკური სპეციფიკაციები და ფასი ჯერ არ გამოუქვეყნებია. „იაგუარ კლასიკი“ ჯერჯერობით კლიენტების დაინტერესებას სწავლობს. კომპანია შეკვეთების შესრულების დაწყებას 2020 წლის ზაფხულიდან აპირებს.
გარდა იმისა, რომ „იაგუარ E-ტაიპ ზერო“ გარეგნულად პრაქტიკულად არ განსხვავდება კლასიკური „E-ტაიპისგან“, მასზე უკეთესი დინამიკური მახასიათებლებიც აქვს. ის აღჭურვილია ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკით, რომლის ენერგო ტევადობაც 40 კილოვატსაათია. ეს კი ერთი სრული დამუხტვით, 270 კილომეტრის გასავლელად არის საკმარისი.

No comments:

Post a Comment