„იაგუარ ლენრ როვერი“ საზრიანი და კავშირის
ტექნოლოგიებით აღჭურვილ თავის მოდელებს, ბრიტანეთის საერთო სარგებლობის გზებზე
უტარებს ტესტირებას. ეს არის იმ 7.1 მილიონ სტერლინგიანი პროექტის ნაწილი, რომელიც
კავშირით უზრუნველყოფილი პირველი ბრიტანული ინფრასტრუქტურის შემუშავებას
ითვალისწინებს. ეს კი თვითმავალი ავტომობილების შექმნისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია.
M40, M42, A45 და A46 მარშრუტებზე, ჯამში
დაახლოებით 65 კილომეტრი სიგრძის გზა ეკიპირებულია უსადენო ტექნოლოგიებით,
რომლებიც ოპტიკურბოჭკოვან ქსელთანაა კომბინირებული. ასეთ გზაზე მოძრავ
ავტომობილებს, ერთმანეთთან და ინფრასტრუქტურასთან, მუდმივი პირდაპირი კავშირი
აქვს, რაც მათ სხვადასხვა საჭირო ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს.
ავტომობილებს შორის და გარემოსთან მათს კავშირს
დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითმავალი ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილების
უზრუნველყოფის საქმეში. კავშირის სისტემებში გამოყენებული სენსორები იმის
საშუალებას იძლევა, რომ ავტომობილმა „უფრო შორს“ დაინახოს, ვიდრე ეს შესაძლებელია.
გარდა ამისა, ის „ესაუბრება“ სხვა ავტომობილებს, საგზაო ინფრასტრუქტურას და
ფეხმავლებსაც კი, რომლებისგანაც საჭირო ინფორმაციას ღებულობს. ეს ინფორმაცია კი
საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაში ეხმარება.
მაგალითად, ასეთი კავშირის მეშვეობით, თქვენი
ავტომობილი გაიგებს, რომ წინ, საკმაოდ შორს მყოფმა ავტომობილმა მკვეთრი
დამუხრუჭება დაიწყო. ეს თქვენ იმის საშუალებას მოგცემთ, რომ პოტენციური საფრთხე
თავიდან აირიდოთ. ეს სისტემა იმუშავებს როგორც ხელით მართვის, ასევე ავტონომიურ
რეჟიმებში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გზებზე უსაფრთხოებას.
„იმისათვის, რომ თვითმავალი ავტომობილების უპირატესობა
სრულად აღვიქვათ, უნდა ვიცოდეთ, მათ მხარდასაჭერად როგორი ტიპის და რა შესაძლებლობების
ინფრასტრუქტურა დაგვჭირდება. კავშირი არამხოლოდ თვითმავალი ავტომობილების
წარმოების საშუალებას გვაძლევს, არამედ მისი მეშვეობით ვაყალიბებთ პლატფორმას,
რომელიც მომხმრებლებისთვის გაუმჯობესებული უსაფრთხოების შეთავაზებას შეგვაძლებინებს“,
- ამბობს „იაგუარ ლენდ როვერის“ კავშირის საშუალებათა მენეჯერი კოლინ ლი.
ტესტების დროს, „იაგუარ ლენდ როვერი“ გამოცდის ისეთ
სისტემებს, როგორებიცაა: საგანგებო ელექტრონული მუხრუჭების შუქით გაფრთხილება, ავტომობილის
საგანგებო ვითარების გაფრთხილება, საგზაო სამუშაოების გაფრთხილების და გზის მდგომარეობის
გაფრთხილების სისტემები.
No comments:
Post a Comment