„იაგუარი“ მდიდრული და სპორტული ავტომობილების
წარმოებით არის ცნობილი. იშვიათად მყიდველს სუპერ ავტომობილებსაც სთავაზობდა.
ახლახანს ელექტრომობილების წარმოება დაიწყო და სარბოლო ელექტრომობილების სერიებშიც
არის ჩართული. იქ მიღებული გამოცდილება კი შესაძლოა მალე თვისობრივად ახალ სფეროში
შესაბიჯებლად გამოიყენოს. ეს სფერო ელექტრული ჰიპერ ავტომობილების წარმოებაა.
„ელექტრომობილი ავტოინდუსტრიაში მეტად ელეგანტური
გადაწყვეტილებაა. და ის ადვილად შეიძლება იყოს როგორც საქალაქო ავტომობილი, ასევე
ჰიპერ ავტომობილი. ჩემი აზრით, მალე დადგება მომენტი, როცა ხალხი ელექტრომობილებზე
წარმოდგენას შეიცვლის და რატომ არ უნდა შევთავაზოთ მათ ელექტრული ჰიპერ
ავტომობილი?“, - ამბობს პროექტ „იაგუარ I-პეისის“ საინჟინრო მენეჯერი დეივ შოუ.
პირველი შუაძრავინ სუპერ ავტომობილი XJR-15, „იაგუარმა“
ტომ უოკინშოუს სარბოლო გუნდთან ერთად, 1990-იანებში შეიმუშავა. ის ავტომობილი 6.0-ლიტრიანი
V12 ძრავით აღიჭურვა და დაფუძნებულია კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადებულ
შასიზე (ამ მხრივ, ინდუსტრიაში პირველია). ბრიტანულმა კომპანიამ ის მხოლოდ 53 ცალი
დაამზადა.
პირველი სუპერ ავტომობილის წარმოების დასრულების
შემდეგ, „იაგუარმა“ ლეგენდარული XJ220 (ფოტოზე) გამოუშვა. თავიდან დაგეგმილი იყო,
რომ ისიც V12 ძრავით უნდა აღეჭურვათ და ყველა ბორბალი წამყვანი უნდა ყოფილიყო.
თუმცა საბოლოო პროდუქტის ბაზაში, 3.5-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6 განლაგდა,
რომელიც მხოლოდ უკანა ბორბლებს დაუკავშირდა. ამის მიუხედავად, ის თავისი დროის
ერთ-ერთი უსწრაფესი სუპერ ავტომობილი გახდა და ის „იაგუარმა“ მხოლოდ 281 ცალი
დაამზადა.
მერე „იაგუარი“ ინდური „ტატას“ მფლობელობაში
გადავიდა და 2010 წელს კონცეპტუალური C-X75 შეიმუშავა. მისი პირვანდლი ვერსია, ტურბინულ-ჰიბრიდული
აგრეგატით აღიჭურვა, თუმცა მოგვიანებით ტურბინაზე უარი თქვეს და მის ნაცვლად, ჰიბრიდულ
სისტემაში 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრანი წყვილ კომპრესორიანი ძრავი შევიდა. ამ
ავტომობილის რამდენიმე პროტოტიპი დამზადდა, რომელთაგან ერთი ჯეიმს ბონდის ფილმშიც
გადაიღეს, თუმცა კომპანიამ მის წარმოებაზე უარი თქვა.
ჯერჯერობით,
ელექტრულ ჰიპერქარზე მხოლოდ ლაპარაკია. თუ მას მწვანე შუქს აუნთებენ, პირველ
რიგში, პლატფორმის საკითხი იქნება გადასაწყვეტი. ამ როლში შესაძლოა „I-პეისის“
პლატფორმაც კი გამოდგეს, რომელიც მოდულურია. იმავდროულად, „იაგუარს“ სიახლეების
გაზიარება ელექტრონული ფორმულა E-დანაც შეუძლია, სადაც საკუთარი გუნდით გამოდის.
No comments:
Post a Comment