„იაგუარ ლენდ როვერი“ მომავალ სამ წელიწადში, წინა
სამწლიან პერიოდთან შედარებით, ინვესტიციებს დაახლოებით მეოთხედით გაზრდის, რათა
მყიდველს თავისი ყველა მოდელის ელექტრული ვერსიები შესთავაზოს.
ბრიტანული კომპანია, რომელიც ინდური „ტატა
მოტორზის“ საკუთრებაშია, ამ გეგმის შესრულებას 13.5 მილიარდ სტერლინგს (18 მილიარდ
დოლარს) მოახმარს. ეს 26 პროცენტით მეტია იმ 10.7 მილიარდ სტერლინგზე, რომლებიც
კომპანიამ თავის განვითარებას წინა სამ წელიწადში დაახარჯა.
ინვესტიციები იმის მიუხედავად იზრდება, რომ
კომპანიისვე განცხადებით, გაყიდვები და შემოსავალი იმ ტემპით არ გაიზარდა, როგორც
დაგეგმილი იყო. ამის ძირითადი მიზეზი კი ის გარემოება გახდა, რომ ბრიტანლი და
ევროპელი მომხმარებლები დიზელისძრავიანი მოდელების შეძენას უფრთხიან, რადგან ძველ
კონტინენტზე ასეთ აგრეგატებს თანდათან ზღუდავენ.
„იაგუარ ლენდ როვერი“ გეგმავს, რომ 2025 წლითვის
მისი ყველა მოდელის სამი ვერსია შესთავაზოს მყიდველს. მათგან ერთი
შიდაწვისძრავიანი იქნება, მეორე ელექტრული ვერსია, მესამე კი - ამ ორი აგრეგატის
კომბინაციით აღიჭურვება. ამასთან, კომპანია ბაზარზე სრულად ელექტრულ ვერსიებს იმ
შემთხვევაში გამოიტანს, თუ მათზე მყიდველისგან საკმარისი მოთხოვნა იქნება.
ცნობისათვის, ახლახანს „იაგუარმა“ თავის ისტორიაში პირველი
ელექტრომობილის, ქროსოვერ „I-პეისის“ (ფოტოზე) გაყიდვები დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ევროპასა და ბრიტანეთში, „იაგუარ
ლენდ როვერის“ გაყიდვების დაახლოებით 90 პროცენტი, დიზელისძრავიან ავტომობილებზე
მოდის. მაგრამ სკანდალ დიზელგეიტის გამო, რომელშიც „ფოლკსვაგენი“ 2015 წელს
გაეხვა, ასეთი აგრეგატები ევროპაში სულ უფრო ნაკლებად მოთხოვნადი ხდება. ამის
გამო, კომპანიის ყველა ბრიტანულ ქარხანაში გადაიარაღება მოხდება, რათა იქ ახალი,
სუფთა და ეკონომიური ძრავების წარმოება დაიწყონ.
No comments:
Post a Comment