Sunday, May 6, 2018

„იაგუარმა“ სედანი „XE SV პროჯექტ 8“ წარმოების დაწყებამდე გააუმჯობესა

„იაგუარ ლენდ როვერის“ სპეცალური პროექტების შტო, „სპეშლ ვიიქლ ოპერეიშენზ“ (SVO) წარმოებისთვის ამზადებს „იაგუარის“ ყველაზე სწრაფ სედანს, „XE SV პროჯექტ 8“. ქოვენთრის ტექნიკური ცენტრი, ტემპერამენტიან სედანს ივნისში გამოუშვებს, თუმცა ბრიტანულმა კომპანიამ მისი მოდიფიცირება, წარმოების დაწყებამდე გადაწყვიტა.

ავტომობილის წარდგენა გუდვუდის შარშანდელ ფესტივალზე გაიმართა, სადაც ითქვა, რომ მას მხოლოდ 300 ცალს დაამზადებენ. მაშინვე გადაწყდა, რომ ავტომობილს წარმოების დაწყებამდე მოდიფიკაცია ჩატარებოდა. შეიცვალა ძრავის საყრდენები, საკიდარი კი უფრო ხისტი ზამბარებით დაკომპლექტდა. ავტომობილი უფრო ეფექტური მუხრუჭებით აღიჭურვა.
ძრავის მართვის ელექტრონიკის პროგრამის შეცვლით, შესაძლებელი გახდა სიმძლავრის გაზრდა. როგორც პროექტის მენეჯერი დევიდ პუკი ამბობს, განახლების შემდეგ, „XE SV პროჯექტ 8“ უფრო სწრაფი და „დამჯერი“ გახდა.
არ შეცვლილა ძრავი. ესაა 5.0-ლიტრიანი V8 აგრეგატი, რომელიც მექანიკური კომპრესორის დახმარებით, 600 ცხენის ძალას და 700 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მისი დახმარებით, სედანს ადგილიდან ასამდე ასაჩქარებლად 3.3 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 322 კილომეტრია.
ავტომობილი აღჭურვილია რეგულირებადი საკიდარით, წინა სპლიტერით და ორი პოზიციის მქონე უკანა ანტი ფრთით, რომელიც მაქსიმალური სიჩქარისას, 122 კილოგრამის ექვივალენტურ ჩაჭიდების ძალას წარმოქმნის. სამუხრუჭე სისტემა კარბონ-კერამიკული დისკოებით დაკომპლექტდა. უკანა დიფერენციალის გაგრილებას კი ზეთის რადიატორი ემსახურება. ბორბლების საკისრები კრემნიუმის ნიტრიდით დამზადდა, რისი წყალობითაც, ის ფოლადსაზე 840 გრამით მსუბუქია. სწორედ ამდენით ამცირებს ასეთი საკისრის გამოყენება, ყოველი ბორბლის დაურესორებელ ძალას. კაპოტი, ბამპერები და წინა ფრთები კარბონის კომპოზიტით დამზადდა.
მყიდველს „XE SV პროჯექტ 8-ს“ ორ ვერსიად შესთავაზებენ. ერთია ოთხადგილიანი სალონთ, მეორე კი სატრეკო - ორადგილიანი. ამასთან, მეორე შემთხვევაში სავარძლები კარბონისგან დამზადდება და ისინი უსაფრთხოების ოთხწერტილოვანი ღვედებით  დაკომპლექტდება. უკანა სავარძლების ადგილს კი მეტალის სტრუქტურა დაიკავებს, რაც ძარის სიმტკიცეს გრეხვითი დატვირთვებისადმი, დაახლოებით 27 პროცენტით გაზრდის.
უნდა აღინიშნოს, რომ „XE SV პროჯექტ 8-მ“ ნოემბერში ნურბურგრინგზე საგზაო სედანების რეკორდული დრო დააფიქსირა - წრე 7 წუთსა და 21.23 წამში გაიარა. ეს კი წინა რეკორდზე დაახლოებით 10 წამით ნაკლებია.

No comments:

Post a Comment