„იაგუარი“ 2016 წლამდე უგზოობის ავტომობილებს არ
აწარმოებდა, მაგრამ ნათესავი „ლენდ როვერის“ დახმარებით, მის საწარმოო პროგრამაში
ამჟამად უკვე სამი ქროსოვერი შედის. უფრო მეტიც, ინგლისური კომპანია ამჟამად კიდევ
ერთ ასეთ ავტომობილზე მუშაობს, რომელიც მისი ქროსოვერების ფლაგმანი გახდება.
ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, ახალი
ავტომობილის სახელი იქნება „J-პეისი“ და ის „იაგუარის“ ქროსოვერების ოჯახში, „F-პეისზე“
ერთი საფეხურით მაღლა დაიკავებს ადგილს. რაც მთავარია, ის „რეინჯ როვერის“
არქიტექტურაზე დაფუძნდება, თუმცა „იაგუარის“ სტილში შესრულდება და უფრო ასფალტიან
გზებზე გადაადგილებაზე იქნება ორიენტირებული, ვიდრე უგზოობაში მოძრაობაზე.
როგორც „ავტოქარი“ წერს, „J-პეისი“ ბაზარზე
კონკურენციას „პორშე კაიენს“, ასევე „მაზერატის“, „ლამბორგინის“ და „ბენტლის“
შესაბამისი კლასების ავტომობილებს გაუწევს. მოგვიანებით, ამავე კლასის
ავტომობილებს „როლს-როისი“, „ასტონ მარტინი“ და „ფერარიც“ კი გამოუშვებენ. ასე
რომ, „J-პეისს“ მეტად კონკურენტულ და პრესტიჟულ გარემოში მოუწევს ადგილის
დამკვიდრება.
„იაგუარს“ ადრე უგზოობის მოდელების წარმოება
ნათესავი „ლენდ როვერისთვის“ ჰქონდა დათმობილი, თავად კი მხოლოდ სპორტულ მოდელებს
და მაღალი კლასის სედანებს აწარმოებდა. ორი კომპანიის გაყიდვების ჯამურ
მაჩვენებლებში, ლომის წილი „ლენდ როვერზე“ მოდიოდა, რის გამოც, „იაგუარ ლენდ
როვერის“ მფლობელმა, ინდურმა „ტატამ“ გადაწყვიტა, რომ „იაგუარი“ ახალ სეგმენტშიც
შეეყვანა.
„J-პეისი“ ერთადრთი ახალი ავტომობილი არაა,
რომელზეც „იაგუარი“ მუშაობს. ბრიტანულ ბრენდს გეგმაში ცხრა ახალი ავტომობილის
გამოშვება აქვს. მათ შორისაა სედანი XJ, კუპე XK-ს სავარაუდო შემცვლელი და არსებული მოდელების განახლებული
ვერსიები.
No comments:
Post a Comment