„იაგუარმა“ მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ავტომობილის,
„F-პეისის“ ყველაზე მძლავრი და სწრაფი ვერსია, „F-პეის SVR“ შეიმუშავა, რომელიც
საზოგადოებას პირველად ნიუ იორკის ავტო შოუზე წარუდგინა. ავტომობილი, მისი შასი, ძრავი,
ტრანსმისია, საკიდარი, მუხრუჭები, აეროდინამიკა, სპორტულ ყაიდაზეა მომართული.
„F-პეის SVR“ კომპანიის სპეც პროექტების შტო SVO-ს
ინჟინრებმა შეიმუშავეს. მათი გარჯის შედეგად, 5.0-ლიტრიანი V8, რომელიც მექანიკური
კომპრესორითაა აღჭურვილი, 550 ცხენის ძალას და 680 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.
მისი მეშვეობით, ავტომობილს ადგილიდან ასის მიღწევა 4.3 წამში შეუძლია, მისი
მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 283 კილომეტრს აღწევს.
„F-პეისისგან“ ვერსია SVR გარეგნულად, წინა
ბამპერში არსებული უფრო დიდი ზომის ჰაერის ამღებით, წინა ბორბლების თაღების უკან და
კაპოტზე არსებული სავენტილაციო ჭრილებით, უკანა სპოილერით და სხვა ელემენტებით
განსხვავდება. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი მას უფრო აგრესიულ იერს ანიჭებს.
საკიდარში გამოყენებულია პროგრესირებადი მახასიათებლების
მქონე ზამბარები, რომლებიც უფრო ხისტია. კერძოდ, წინა ზამბარების სიხისტე 30 პროცენტით
არის გაზრდილი, უკანებისა კი - 10 პროცენტით. შეიცვალა განივი მდგრადობის სტაბილიზატორი,
რომლის წყალობითაც, ავტომობილის გვერდითი გადახრები 5 პროცენტით შემცირდა.
ავტომობილი ასევე აღჭურვილი ახალი გამოსაბოლქვი
სისტემით, რომელიც სტანდარტულზე 6.6 კილოგრამით მსუბუქია და რომელსაც აქტიური
მისაფრები აქვს. უკანა დიფერენციალს ელექტრონიკა მართავს. ახალია ადაპტირებადი საკიდარის,
საჭის სისტემის და რეჟიმების მართვის პროგრამა. დაიხვეწა მუხრუჭები, რომლებსაც 395
მილიმეტრი დიამეტრის ორმაგი დისკოები ემსახურება.
„F-პეის SVR-ის“ ეკიპირებაში შევიდა სპორტული
სავარძლები, რომლებსაც ძლიერი გვერდითი საყრდენები აქვს. გადაცემების შეცვლას
საჭეზე განლაგებული ბერკეტები ემსახურება. ინფოტაინმენტ სისტემაში შედის
10-დუიმიანი სენსორული ეკრანი. მაჩვენებლების დაფა კი ასევე ციფრული, 12.3-დუიმიანია.
No comments:
Post a Comment