Friday, April 13, 2018

„იაგუარ I-ტაიპ 3“ ფორმულა E სარბოლო ფორმაში გამოეწყო

„იაგუარის“ სარბოლო გუნდმა, სრული სახელწოდებით „პანასონიკ იაგუარ რეისინგმა“, ფორმულა E-ს სარბოლო სერიისთვის, სარბოლო ავტომობილ „I-ტაიპ 3-ის“ გაფორმების კონცეპტი წარმოადგინა. ელექტრონული ფორმულების მეხუთე სეზონი სტარტს წლის მეორე ნახევარში აიღებს.

ჩემპიონატის რეგლამენტის შესაბამისად, მასში ყველა გუნდი იდენტური სარბოლო ღია ბორბლიანი ავტომობილით ასპარეზობს. მეხუთე სეზონში მეორე თაობის მოდლია შემუშავებული, რომლის ელექტრო ძრავიც, საკვალიფიკაციო კონფიგურაციით, 250 კილოვატს (340 ცხენის ძალას), სარბოლო ვერსიით კი 200 კილოვატს (272 ცხენის ძალას) გამოიმუშავებს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ავტომობილი ეკიპირებულია ელემენტების ახალი ბლოკით, რომელიც რბოლის ერთი მანქანით ჩატარების საშუალებას იძლევა. და საჭირო აღარაა რბოლის დროს მეორე მანქანაზე გადაჯდომა.
გუნდის ერთ-ერთი პილოტია ფორმულა E-ს პირველი ჩემპიონი, ბრაზილიელი ნელსონ პიკე უმცროსი (ფ1-ის სამგზის ჩემპიონ ნელსონ პიკეს შვილი). მან უკვე გაიარა ტესტები ახალი მანქანით და კმაყოფილი დარჩა. „მანქანამ კარგი სტარტი აიღო, ის გამძლე, საიმედო და კარგი სამართავია. თუმცა ჯერაც ბევრი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ სეზონის დასაწყისს კარგად მომზადებულები შევხვდეთ“, - ამბობს პიკე.
აღსანიშნავია, რომ ელექტრულ სარბოლო სერიებში მონაწილეობას ბევრი საავტომობილო კომპანია ეშურება, რითაც ისინი საკუთარი ელექტრული ტექნოლოგიების რეკლამირებას ცდილობენ. მართალია, ფორმულა E-ს სერიაში ყველა გუნდი ერთსა და იმავე შასის და აგრეგატს იყენებს, მაგრამ მათ აქვთ მანქანის სრულყოფის შეზღუდული შესაძლებლობა. გარდა ამისა, ეს სერია მათთვის არის ერთგვარი ლაბორატორია, რომელიც მათ ელექტრომობილების სეგმენტში კონკურენტული პროდუქციით შესვლაში ეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ახლახანს „იაგუარმა“ თავის ისტორიაში პირველი ელექტრომობილის, „I-იეპსის“ წარმოება დაიწყო, რომელზეც უკვე რამდნმე ათასი შეკვეთა აქვს მიღებული.

No comments:

Post a Comment