Saturday, April 14, 2018

„დიფენდერის“ კვალი თოვლზე

70 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ლენდ როვერმა“ ამსტერდამის მოტორ შოუზე თავისი პირველი ავტომობილი წარადგინა. ეს 1948 წლის 30 აპრილს მოხდა. კომპანიამ საკუთარ დაბადების დღეს „ლენდ როვერის“ დღე უწოდა და მის სათანადოდ აღნიშვნას აპირებს. თუმცა საიუბილეო ღონისძიებები უფრო ადრე დაიწყო.

ამასთან დაკავშირებით, ბრიტანულმა კომპანიამ თავისი ყველაზე გამორჩეული მოდელის, „დიფენდერის“ 250 მეტრის სიგრძის სილუეტი საფრანგეთის ალპებში, თოვლზე გამოსახა. ეს ის სილუეტია, რომელიც „როვერის“ მთავარმა ინჟინერმა მორის უილკსმა, წითელი ნაპირის ქვიშიან პლიაჟზე დახატა. მაშინ მან თავისი იდეა ძმას, სპენსერს გაანდო, რომელიც იმ დროს „როვერის“ მმართველი დირექტორი იყო.
მომავლის დიზაინი სახელმაც დააგვირგვინა - ავტომობილს „ლენდ როვერი“ დაარქვეს, რომელიც შემდგომში „დიფენდერად“ გარდაიქმნა. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, თუ ეს სახელიც და სტილიც ბრიტანეთის სიმბოლოდ გადაიქცეოდა, რითაც ალბიონი საფუძვლიანად ამაყობს.

ალპების თოვლზე „დიფენდერის“ გამოსახულება, სნოუ არტის სპეციალისტმა სიმონ ბეკმა შეასრულა, ვისაც მინუს ტემპერატურის პირობებში, თოვლზე გეომეტრიული ფიგურები ადრეც არაერთხელ დაუხაზავს. „დიფენდერის“ სილუეტის დასახაზად, მას თოვლში 20 894 ნაბიჯის გადადგმა დასჭირდა, რაც ჯამში 16.5 კილომეტრი გამოვიდა. და ეს ყველაფერი მან ზღვის დონიდან 2 700 მეტრის სიმაღლეზე გააკეთა.

No comments:

Post a Comment