Wednesday, April 4, 2018

„რეინჯ როვერ ველარი“ მსოფლიოს ყველაზე მშვენიერ ავტომობილად დასახელდა

კონკურს „მსოფლიოს წლის ავტომობილის“ ჟიურიმ, „ლენდ როვერის“ ახალი ავტომობილი, „რეინჯ როვერ ველარი“ მსოფლიოს ყველაზე მშვენიერ ავტომობილად დაასახელა. ეს არის ავტომობილი, რომელმაც „რეინჯ როვერის“ ოჯახს მომხიბვლელობა, თანამედროვეობა და ელეგანტურობა შესძინა და რომელშიც დახვეწილი დიზაინი და ინჟინრული სრულყოფილებაა შერწყმული.

ლუქს კლასის უგზოობის ავტომობილმა, რომელმაც „რეინჯ როვერის“ ოჯახში, „ევოუკსა“ და „სპორტს“ შორის არსებული ნიშა დაიკავა, კონკურსის ფინალში „ვოლვო XC60“ და „ლექსუს LC 500“ დაამარცხა. კონკურსის ავტორიტეტულობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მის ჟიურიში, 24 ქვეყნის 82 საავტომობილო ჟურნალისტი შედიოდა.
აღსანიშნავია, რომ ეს პრიზი, მსოფლიოს წლის ავტომობილის ტიტულთან ერთად, შარშან „იუაგუარ ლენდ როვერის“ კიდევ ერთმა ახალმა ავტომობილმა, „იაგუარ F-პეისმა“ მოიპოვა. რაც შეეხება „ველარს“, მას ეს სახელი იმ კონცეპტუალური ავტომობილისგან ერგო, რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ 1960-იანი წლების მიწურულს შეიმუშავა და რომელმაც „რეინჯ როვერის“ ისტორიას დაუდო დასაბამი.
„ველარის“ მყიდველს, ექვს აგრეგატს შორის შეუძლია არჩევანის გაკეთება. მათგან ყველაზე სუსტია სერია ინჯენიუმის 2.0-ლიტრიანი დიზელი, რომელიც 180 ცხენის ძალას ავითარებს, ყველაზე მძლავრი კი - 3.0-ლიტრიანი V6, რომლის სიმძლავრეც 380 ცხენის ძალას აღწევს.
გარდა ამისა, „ველარი“ იმ პრაქტიკულობით, კომფორტით და უნარით გამოირჩევა, რაც „რეინჯ როვერის“ ოჯახის ავტომობილებისთვის არის დამახასიათებელი. ამაში კი მას უახლესი ტექნოლოგიები და თანამედროვე მასალები ეხმარება.

„რეინჯ როვერ ველარი არის შესანიშნავი, აღმატებული ავტომობილი, რომელშიც თანამედროვეობა, თვალწარმტაცი დიზაინი, ინოვაცური ინფოტაინმენტ ტექნოლოგია ტაჩ პრო დუო და მდგრადბაზე ორიენტირებულობაა თავმოყრილი. „F-ტაიპმა“, „ევოუკმა“, „F-პეისმა“ და ახლა უკვე „ველარმა“, კონკურს წლის ავტომობილის დიზაინის ჯილდო მოიგეს, ეს კი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მინდა, ჟიურის ყველა წევრს, მადლობა გადავუხადო ასეთი ნდობისა და აღიარებისთვის, რამაც „ლენდ როვერის“ გუნდს ახალი ძალისხმევა შთაბერა, რაც მას მუშაობაში ძალიან გამოადგება“, - განაცხადა „იაგუარ ლენდ როვერის“ მთავარმა აღმასრულებელმა, დოქტორმა რალფ სპეტმა (ფოტოზე).

No comments:

Post a Comment