„იაგუარ ლენდ როვერმა“ და უპილოტო ტაქსების
კომპანია „ვეიმომ“ (გუგლის ყოფილი პროექტი, რომელიც თვითმავალი ავტომობილების
შემუშავებაზე იყო ორიენტირებული), სტრატეგიული ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის
შესაბამისადაც, მხარეები ერთობლივად შეიმუშავებენ პრემიუმ კლასის უმძღოლო
ელექტრომობილს, რომელიც „ვეიმოს“ კლიენტებს მოემსახურება.
„ვეიმოს“ თვითმავალი ტექნოლოგიით აღჭურვილი „იაგუარ I-პეისის“ ტესტირება ამ წლის მეორე ნახევარში დაიწყება. ტესტების დროს, „ვეიმო“ თავისი სისტემის ყველანაირ ტელემეტრიულ მონაცემებს ჩაიწერს და „იაგუარ ლენდ როვერის“ სპეციალისტებთან ერთად გააანალიზებს. მიღებულ ინფორმაციას, მხარეები საკუთარი სისტემების გამძლეობის და უსაფრთხოების ოპტიმალური დონის მიღწევას და დახვეწას ეცდებიან.
წარმოების დაწყების შემდეგ, პირველ ორ წელიწადში „ვეიმო“
20 000 ცალ „იაგუარ I-პეისს“ მიიღებს, რომლებიც „ვეიმოსავე“ უპილოტო
ტექნოლოგიებით აღიჭურვება. ისინი დაუყოვნებლივ შეუდგებიან ტაქსის როლის
შესრულებას. პარტნიორი კომპანიები ვარაუდობენ, რომ ეს ავტომობილები წლიურად მილიონამდე
შეკვეთას შეასრულებენ.
შეგახსენებთ, რომ „იაგუარმა“ თავის ისტორიაში პირველი
ელექტრომობილი „I-პეისის“ მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე
ჩაატარა. სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, ის სვლის დიდი სიშორით (485 კილომეტრი)
გამოირჩევა, რაც ტაქსის როლისთვის გამოსადეგს ხდის. ის პრაქტიკულობით, კომფორტით
და დინამიურობით გამოირჩევა. ამ ავტოიმობილის ბაზაზე, ბრიტანულმა კომპანიამ სარბოლო
სერიაც კი ჩამოაყალიბა, რომელიც ფორმულა E-ს თანმდევი სერია იქნება.
რაც
შეეხება „ვეიმოს“, ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელიც სრულად ავტონომიური
ავტომობილების ექსპლუატაციას, საზოგადოებრივ გზებზე ეწევა. „ვეიმო“ ამ წლის ბოლოს
სრულად ავტომატიზებული ტაქსის სერვისს შესთავაზებს მომხმარებლებს. ისინი ტაქსის
გამოძახებას, „ვეიმოს“ აპლიკაციით შეძლებენ.
No comments:
Post a Comment