Wednesday, March 28, 2018

„იაგუარ ლენდ როვერი“ დამოუკიდებლად პარკირებაში ვარჯიშობს


„იაგუარ ლენდ როვერის“ ავტომობილები მალე დამოუკიდებლად შეძლებენ სადგომზე თავისუფალი ადგილის მოძებნას და მის დაკავებას. და ამ დროს საერთოდ არ დასჭირდებათ მძღოლის არც დახმარება და არც გარე პულტიდან მართვა.

ახალი სისტემა ნაწილია იმ კომპლექსური ტექნოლოგიისა, რომელიც ბრიტანული კომპანიის ავტომობილებს, ავტონომიურ მართვას ასწავლის. ის ტესტირებას მილტონ კინსის (ბრიტანეთი) საზოგადოწბრივ გზებზე გადის. „იაგუარ ლენდ როვერთან“ ერთად, მის მუშაობას ავტონომიური ავტომობილების ტესტირებაზე ორიენტირებული კონსორციუმი „UK ავტოდრაივიც“ აკონტროლებს.

ავტონომიური ტექნოლოგიის გარდა, „იაგუარ ლენდ როვერმა“ ასევე შეიმუშავა კავშირის ტექნოლოგია, რომელიც ხელს შეუწყობს ავტომატური მართვის სისტემების ინტეგრაციას. მისი დახმარებით, ავტომობილები ერთმანეთთან და გარემოსთან კონტაქტს შეძლებენ, რითაც მძღოლი საჭიროებისამებრ მიიღებს სხვადასხვა ინფორმაციას, ავტომობილები კი სიტუაციის შესაბამისად, სწრაფად რეაგირებას შეძლებენ.

მილტონ კინსში ტესტირებისას, „იაგუარ ლენდ როვერმა“ ორი სისტემის მუშაობაც გამოსცადა. ესაა საგანგებო ავტომობილის გაფრთხილების (EVW) და ელექტრონული საგანგებო დამუხრუჭების განათების (EEBL) სისტემები. პირველი სისტემა გაფრთხილების სიგნალს იძლევა, როცა საგანგებო დანიშნულების (მაგალითად, სასწრაფო სამედიცინო ან სახანძრო) ავტომობილი ახლოვდება, რა მანძილზეა ის და რა მიმართულებით მოძრაობს. მეორე სისტემა კი შუქით გაფრთხილებას იძლევა, როცა ახლოს მდებარე, კავშირზე მყოფ ავტომობილს საგანგებო დამუხრუჭება უწევს. ეს სხვა ავტომობილების მძღოლებს, საფრთხის თავიდან ასარიდებლად, დამატებით წამებს მისცემს.
„იაგუარ ლენდ როვერი“ ნაწილობრივ და სრულად ავტომატიზებული ავტომობილების ტექნოლოგიებზე მუშაობს, რომლებიც მომხმარებლებს მისცემს არჩევანს - შეიძინონ ჩვეულებრივი ავტომობილი განვითარებული დამხმარე სისტემებით, თუ სრულად ავტომატიზებული ავტომობილი. ორივე შემთხვევაში, კომფორტი და უსაფრთხოება გარანტირებულია.

No comments:

Post a Comment