Monday, March 26, 2018

„იაგუარ I-პეისმა“ მონაკოს სარბოლო წრეზე გაინავარდა

„იაგუარმა“ თავის ისტორიაში პირველ ელექტრომობილ „I-პეისს“, მონაკოს ქუჩებში, ის სადაც ფორმულა 1-ის რბოლები ტარდება ხოლმე, საჩვენებელი გარბენა მოუწყო, რათა საზოგადოებისთვის ამ ავტომობილის შესაძლებლობები გაეცნო.

ავტომობილის განკარგულებაში, ელექტრული ძალური დანადგარის 400 ცხენის ძალა და 696 ნიუტონმეტრია, რისი წყალობითაც, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა 4.8 წამში შეუძლია. მონაკოს ვიწრო ქუჩები, სანაპირო ზოლი, გვირაბი და მოსახვევები, საუკეთესო ადგილია ელექტრული ქროსოვერისთვის, რომელმაც იქ გვიან ღამით, საიდუმლო გარბენი მოაწყო.

შეგახსენებთ, რომ ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ახლახანს, ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართა და ბრიტანულ კომპანიას მასზე შეკვეთების მიღებაც დაწყებული აქვს. სპორტული ავტომობილისთვის დამახასიათებელი დინამიურობის და ტემპერამენტის გარდა, „I-პეისი“ იმითაც გამოირჩევა, რომ 90 კილოვატსაათის ტევადობის ელემენტების ბლოკის მეშვეობით, ერთი სრული დამუხტვით, 480 კილომეტრის გავლა შეუძლია. სწრაფად დამმუხტველით კი ამ ბლოკის 80 პროცენტი სულ რაღაც, 40 წუთში ივსება. დაკიდევ, ავტომობილი ეკიპირებულია ელექტრონული სისტემით, რომელსაც მწარმოებელი ხელოვნურ ინტელექტად მოიხსენიებს.

„იაგუარმა“ სერიული ელექტრომობილი, კომპანია „პანასონიკთან“ და ფორმულა E-ს საკუთარ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა. უფრო მეტიც, „I-პეისის“ ბაზაზე საკუთარი სარბოლო სერია ჩამოაყალიბა. ამისთვის კი „I-პეისის“ სარბოლო ვერსია შექმნა, რომელიც სტარტს წელს აიღებს და ფორმულა E-ს სეზონის პარალელურად გაიმართება. სერიისთვის სარბოლო ავტომობილს (I-პეის e ტროფი) „იაგუარ ლენდ როვერის“ სპეციალური ავტომობილების ოპერაციების შტო (SVO) გამოუშვებს. პირველი სეზონისთვის სულ 20 ცალი სარბოლო ელექტრომობილი დამზადდება.
ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=bYybncHRg2A

No comments:

Post a Comment