„იაგუარმა“ ჟენევის მოტორ შოუზე თავისი კლასიკური
სედანი „იაგუარ XJ6“ წარადგინა, რომელიც სპეციალურად, ჯგუფ „აირონ მეიდენის“
დრამერ ნიკო მაკბრეინის შეკვეთით დაამზადა. ავტომობილის მეტსახელია „გრეიტესტ ჰიტს“
და მისი მეშვეობით, ბრიტანულმა კომპანიამ სერია XJ-ს 50 წლის იუბილეც აღნიშნა.
სპეც შეკვეთით ავტომობილი 1984 წელს გამოშვებული XJ6-ის
ბაზაზე, „იაგუარ კლასიკის“ ქოვენთრის საწარმოში დამზადდა. ავტომობილის აგება-განახლებას
3 500 ადამიანი საათის შრომა და 4 000 ახალი ნაწილი და კვანძი დასჭირდა. მის შექმნაში
მონაწილეობა „იაგუარის“ დიზაინის სტუდიის დირექტორმა, უეინ ბარჯესმაც მიიღო.
საბაზო მოდელისგან განსხვავებით, ავტომობილს მოდიფიცირებული
ინტერიერი, ექსტერიერი, ძალური დანადგარი და საკიდარი აქვს. მისი შემუშავების
პროცესში, თავად მუსიკოსიც იყო ჩართული. ავტომობილს აქვს ახალი ბამპერები, რეგულირებადი
საკიდარი, შუქდიოდური ფარები, ახალი გარე სარკეები, რომლებიც სხვა მოდელისგან
აიღეს, ახალი სავარძლები, თანამედროვე ინფოტაინმენტ სისტემა, რომელშიც სენსორული ეკრანიც
შედის, ახალი კონდიციონერი და სხვა. ინტერიერის გასაფორმებლად, წითელი ტყავი და
შავი ალკანტარა გამოიყენეს. მაჩვენებლების დაფა და გადამრთველები ძველ სტილშია
შესრულებული.
ავტომობილი 4.2-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი (ერთრიგა)
ძრავით აღიჭურვა, რომელიც E-ტაიპის სამი კარბურატორითაა ეკიპირებული. ბრიტანული
კომპანია არ ამბობს, რა მონაცემები აქვს ამ ძრავს და რა ტიპის მოდიფიკაცია
ჩაუტარდა. ცნობილია, რომ კარბურატორები შემკვეთის არჩევანი იყო.
შეგახსენებთ, რომ „იაგუარ კლასიკს“ უკვე გამოშვებული
აქვს ისეთი კლასიკური ავტომობილები, როგორებიცაა „E-ტაიპ ლაითვეიტი“, XKSS და მალე
„D-ტაიპსაც“
გამოუშვებს.
No comments:
Post a Comment