Sunday, February 11, 2018

ლეგენდარული „იაგუარ D-ტაიპი“ ბრუნდება

„იაგუარის“ კლასიკური ავტომობილების მწარმოებელი შტო „იაგუარ კლასიკი“, ლეგენდარული „D-ტაიპის“ ორიგინალურ ვერსიას გამოუშვებს. საინჟინრო პროტოტიპის მსოფლიო პრემიერა პარიზის რეტრომობილების შოუზე შედგა. სულ 25 ცალი განახლებული „D-ტაიპი“ დამზადდება და მათ უპირველესად, „იაგუარის“ ერთგულ კლიენტებს და გამორჩეულ კოლექციონერებს შესთავაზებენ.

„იაგუარმა“ ამ ავტომობილზე მუშაობა ჯერ კიდევ 1955 წელს დაიწყო. მაშინ 100 ცალი „D-ტაიპის“ წარმოება იგეგმებოდა. მაგრამ მხოლოდ 75 ცალი გამოუშვეს. „იაგუარ კლასიკი“ ამჯერად სწორედ ამ დანაკლისის ანაზღაურებას აპირებს. ოღონდ, ავტომობილის კონსტრუქციაში მცირე ცვლილებები შევა, რათა უსაფრთხოებაზე თანამედროვე მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

„D-ტაიპს“ ლე მანის 24-საათიანი რბოლა ზედიზედ სამჯერ (1955-1957 წლებში) აქვს მოგებული. ლოფტი ინგლენდის ხემძღვანელობით შემუშავებული ეს ავტომობილი, სერია XK-ს ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავით არის აღჭურვილი. ის ორი ვერსიის სახით არსებობდა. 1956 წელს მოკლეცხვირიანი ვერსია გამოუშვეს, მოგვიანებით კი გრძელცხვირიანიც გამოვიდა. პარიზის შოუზე წარდგენილი პროტოტიპი გრძელცხვირიანია.
ეს „იაგუარ კლასიკის“ მესამე პროექტია, რომელიც კლასიკური ავტომობილების ხელახლა გამოშვებას ითვალისწინებს. პირველი პროექტით (2014-15 წლები), ექვსი ცალი „E-ტაიპი“ დამზადდა, შემდეგ კი მყიდველს ცხრა ცალი XKSS დამზადდა.

No comments:

Post a Comment