Saturday, February 24, 2018

„ლენდ როვერის“ სმარტფონი - ისეთივე გამძლე, როგორიცაა „დისქავერი“


„ექსპლორ“ - ასე ჰქვია ახალ სმარტფონს, რომელიც... „ლენდ როვერმა“ გამოუშვა. როგორც ბრიტანული კომპანია ირწმუნება, მისი ტელეფონი ისეთივე გამძლეა, როგორიც უგზოობის პოპულარული მოდელი „დისქავერი“. ახალი სმარტფონის პრემიერა ბარსელონაში, მობილური მსოფლიოს კონგრესზე, მარტში გაიმართება.


„ლენდ როვერმა“ თავისი სმარტფონი კომპანია „ბულიტთან“ ერთად შეიმუშავა.
ტელეფონს უმძიმეს პირობებში ჩაუტარდა ტესტირება. მისი შუშა მაშინაც არ ტყდება, როცა 1.8 მეტრის სიმაღლიდან მყარ ზედაპირზე ეცემა. ის არ ზიანდება წყლის ქვეშ, თუნდაც ეს მლაშე წყალი იყოს, სამუშაო რეჟიმს ინრჩუნბს ძალიან მაღალ და დაბალ ტემპერატურებზე, უძლებს მაღალ ტენიანობას, თერმულ შოკს და ძლიერ ვიბრაციებს. ის არც მაშინ გაფუჭდბა, თუ კოკისპირულში მოყვებით, ან ტალახში ჩაგივარდებათ.

„ექსპლორის“ ელემენტის ტევადობა 4 000 მილიამპერი საათშია. კომპანია ირწმუნება, რომ ეს საკმარისია იმისათვის, რომ მუდმივი გამოყენებისას, ორი სრული დღე გეყოთ. ვისთვისაც ესეც არაა საკმარისი, მათ უფრო ტევად ელემენტს შესთავაზებენ, რომელიც 4 370 მილიამპერსაათს იტევს. ეს იმის საშუალებას მოგცემთ, რომ ტყე-ღრეში ფეხით, ბაიკით ან მოტოციკლით მთელი დღე იაროთ და თან ტელეფონის GPS ნავიგაციით ისარგებლოთ. „ექსპლორს“ მაღალი გარჩევადობის 5-დუიმიანი სენსორული ეკრანი აქვს. მისით ოპერირება მაშინც შეგიძლიათ, თუ ხელები სველი გაქვთ, ან ხელთათმანი გაცვიათ.

„ლენდ როვერ ექსპლორის“ შეძენა სპეციალურ საიტზე (www.landroverexplore.com) 26 აპრილიდან იქნება შესაძლებელი. მისი ფასი 649 ევროა.

No comments:

Post a Comment