„იაგუარ ლენდ როვერის“ სპეციალური ავტომობილების
შტომ, კუპე „F-ტაიპის“ სარბოლო ვერსია შეიმუშავა, რომელიც GT კლასის ტექნიკურ
რეგლამენტს შეესაბამება და შესაბამისად, ამავე კლასის რბოლებში მიიღებს მონაწილეობას.
რაც მთავარია, ავტომობილი ახალ გუნდს, „ინვიქტუს გეიმზ რეისინგს“ გადაეცემა,
რომლის პილოტებიც, ბრიტანეთის სამხედრო ძალების ის ყოფილი ჯარისკაცები არიან,
რომლებიც სამხედრო ოპერაციების დროს დაინვალიდდნენ.
სარბოლო ავტომობილი კუპეს ყველაზე მძლავრი ვერსიის,
„F-ტაიპ SVR-ის“ ბაზაზე დამზადდა. ის აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც
მექანიკური კომპრესორის დახმარებით, 575 ცხენის ძალას ავითარებს. მაგრამ GT4-ის
რეგლამენტის შესაბამისად, სიმძლავრე 400 ცხენის ძალამდე შეამცირეს. გარდა ამისა,
სარბოლო ავტომობილი სრულ ამძრავიანი არ არის.
„იაგუარის“ წარმომადგენელმა გამოცემა „როუდ ენდ
ტრეკისადმი“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი კომპანია ბრიტანეთის GT4-ის სერიაში
საკუთარი გუნდის გამოყვანას არ აპირებს და ეს „F-ტაიპის“ ერთადერთი სარბოლო
ვერსიაა. თუმცა, თუ შესაფერისი კლიენტი გამოჩნდება, მისი შეკვეთით რამდენიმე
ეგზემპლარიც დამზადდება.
ცნობისათვის, „F-ტაიპ SVR-ის“ შემთხვევაში, ზემოთ ნახსენები
ძრავი, 575 ცხენის ძალის გარდა, 700 ნიუტონმეტრსაც გამოიმუშავებს. მასთან წყვილში
8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ამ წყვილის დახმარებით,
ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 3.7 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი
322 კმ/სთ-ს აღწევს.
No comments:
Post a Comment