„ლენდ როვერს“ კლასიკური „დიფენდერის“ წარმოება ორი
წლის შეწყვეტილი აქვს და არც კონვეიერზე მის დაბრუნებას გეგმავს. თუმცა, სანამ
ახალი „დიფენდერის“ წარმოებას დაიწყებს, თავისი ერთგული მომხმარებლისთვის ძველის
ახალი ვერსია შეიმუშავა, რომელიც კომპანიის დაარსებიდან 70 წლის იუბილეს მიუძღვნა.
ახალი ვერსიის სახელია „დიფენდერ ვორკს V8“ და მას
მხოლოდ 150 ცალს დაამზადებენ. რვაცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი ავტომობილი არის იმ
ტრადიციის გაგრძელება, რომელიც ასევე V8-ძრავიანი „სერიზ III სტეიჯ 1 V8-ით“ (1979
წელს) და კომპანიის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ვერსიით დაიწყო. ორივე
კოლექციონერებისთვის მეტად სასურველი ეგზემპლარია.
„დიფენდერის“ ისტორიაში, „ვორკს V8“ მისი ყველაზე მძლავრი
და სწრაფი ვერსიაა. ის აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავით, რომელიც 405
ცხენის ძალას და 515 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. შედარებისთვის, სტანდარტული „დიფენდერის“
ძრავის სიმძლავრე 122 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი - 360 ნიუტონმეტრი. „ვორკს
V8-ს“ ადგილიდან ასის აკრეფა 5.6 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი
საათში 171 კილომეტრია.
ძრავთან
წყვილში ZF-ის წარმოების 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს.
ავტომობილს აქვს სპორტული რეჟიმი, მძლავრი მუხრუჭები და საკიდარის შეცვლილი
ელემენტები. ავტომობილი ალუმინის 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც 265/65 R18
ზომის უგზოობის საბურავებით არის შემოსილი. ინტერიერი უინძორის მრკის ტყავით არის
გაწყობილი, სპორტული სავარძლები კი „რეკაროს“ წარმოებისაა. ინტერიერი ეკიპირებულია
ინფოტაინმენტ სისტემით.
No comments:
Post a Comment