Sunday, December 24, 2017

„იაგუარ XE SV პროჯექტ 8“ - უსწრაფესი სედანი ნურბურგრინგზე

„იაგუარის“ სპეციალური პროექტების შტო SVO-ს მიერ შემუშავებული მოდელი „იაგუარ XE SV პროჯექტ 8“, ნურბურგრინგის ლეგენდარულ ჩრდილოურ მარყუჟზე უსწრაფესი ოთხკარიანი ავტომობილია. 20-კილომეტრიანი ტრასა მან 7 წუთსა და 21.23 წამში გაიარა და დაახლოებით 11 წამით გააუმჯობესა ტრასის წინა რეკორდი. რეკორდული გარბენისას, 600-ცხენისძალიანი ავტომობილის საჭესთან ავტომრბოლი ვინსენტ რეიდმეიკერი იჯდა.

„XE SV პროჯექტ 8-ს“ სატრეკო ვერსიის სალონში მხოლოდ ორი სავარძელია მოთავსებული, რომლებიც კარბონის კომპოზიტისგან მზადდება. ეს წონის შესამსუბუქებლადაა. სავარძლებს ოთხწერტილოვანი ღვედები აქვს, რომლებიც სპეციალურ დამჭიმავ კვანძთან არის მიბმული. გარდა ამისა, საგზაოც და სატრეკო ვერსიებიც რეგულირებადი საკიდარით, აეროდინამიკური პაკეტით და ელექტრონული სისტემებით არის აღჭურვილი.
ნურბურგრინგზე რეკორდული გარბენის შესრულებისას, ავტომობილი სატრეკო რეჟიმში იყო მომრთული და „მიშლენ პაილოტ სპორტ კაპ 2“ საბურავებით შემოსილ 265/35 R20 და 305/30 R20 ბორბლებზე იდგა. ამ მიღწევით, „XE SV პროჯექტ 8-მ“ უკან ჩამოიტოვა არამხოლოდ თავისი კლასის ავტომობილები, არამედ ბევრი ორკარიანი კუპე და საშუალოძრავიანი სუპერ ავტომობილებიც კი.
„XE SV პროჯექტ 8“ აღჭურვილია „იაგუარ ლენდ როვერის“ წარმოების 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 600 ცხენის ძალას ავითარებს. მისი მეშვეობით სედანს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3.3 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 321 კმ/სთ-ს აღწევს.

No comments:

Post a Comment