პოპულარულ კონკურს „ოქტანის“ ჟიურიმ, 2017 წლის
ავტომობილად „იაგუარის“ მიერ სერია „ლეჯენდს კონტინიუედ“ ფარგლებში, თავიდან შექმნილი
კლასიკური XKSS დაასახელა. ამ ავტომობილს „იაგუარ ლენდ როვერ კლასიკი“ აწარმოებს
და კონკურსზე მან ასევე წლის საუკეთესო კლასიკური საკოლექციო ავტომობილის წოდებაც
დაიმსახურა.
„იაგუარმა“ მოდელი XKSS 1957 წელს გამოუშვა. ეს იყო
ლე მანის 24-საათიანი რბოლის გამარჯვებული D-ტაიპის საგზაო ვერსია. სულ 25 ცალი ასეთი ავტომობილის
წარმოება იგეგმებოდა, მაგრამ ამერიკის ბაზრისთვის განკუთვნილი 9 ეგზემპლარი, „იაგუარის“
ბრაუნს ლეინის ქოვენთრის ქარხნაში გაჩენილი ხანძრისას განადგურდა. ამიტომ,
დაგეგმილიდან მხოლოდ 16 ცალი დამზადდა.
„იაგუარმა“ წელს სწორედ იმ ცხრა ავტომობილის აწყობა
გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ეს საქმე „იაგუარ კლასიკს“ მიენდო, რომელმაც ორიგინალური
XKSS-ს ნახაზებიდან, ამ ავტომობილის სრულად აღდგენა შეძლო. ამ ლეგენდარულმა ავტომობილმა,
კონკურსის ჟიურის და „ოქტანის“ ჟურნალის მკითხველთა უმეტესობის ხმები დაიმსახურა.
ახალ XKSS-ს „იაგუარ ლენდ როვერ კლასიკ ვორკსის“
ქოვენთრის საწარმოში აწყობენ. ამ ქარხანას აქვს საკუთარი სადგომი-მუზეუმი, რომელშიც
ბრიტანული კომპანიის 500-ზე მეტი ავტომობილი დგას, რომლებიც ბრიტანული ავტოწარმოების
ისტორიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. აქვე ხდება კლასიკური ავტომობილების
აღდგენა და განახლება.
ამ კოლექციის ექსპონატებს ხშირად ქირაობენ ავტო
კლუბები, სხვადასხვა პროფილის მუზეუმები და შოუები. გარდა ამისა, მათ „იაგუარ ლენდ
როვერი“ ხშირად წარადგენს ხოლმე საავტომობილო შოუებზე.
„ოქტანის“ წლევანდელი კონკურსის ჟიურის 22 წევრს
შორის იყვნენ ლე მანის რბოლის არაერთგზის გამარჯვებული დერეკ ბელი, ჯგუფ „პინკ
ფლოიდის“ დრამერი ნიკ მეისონი და საავტომობილო კლასიკის კოლექციონერი, ტელევარსკვლავი
ჯეი ლენო.
No comments:
Post a Comment