Tuesday, November 28, 2017

მეორე თაობის „რეინჯ როვერ ევოუკის“ პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება

უკვე ექვსი წელია, რაც „რეინჯ როვერ ევოუკი“ ბაზარზეა და ხანდაზმულობის მიუხედავად, ისევე კარგად იყიდება, როგორც ახალი. ამ ექვსი წლის განმავლობაში, მისი წლიური გაყიდვების მოცულობა 100 ათასზე დაბლა ერთხელაც არ ჩამოსულა. თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს და „ლენდ როვერი“ წარმოებისთვის მეორე თაობის „ევოუკს“უკვე ამზადებს.

ამ ეტაპზე, ახალი „ევოუკის“ კოდური სახელია L551 და ის ახლანდელი მოდელის D8 არქიტექტურის მოდიფიცირებულ ვერსიაზე აიგება. ეს იქნება კომფორტზე ორიენტირებული ავტომობილი. გაბარიტებითაც, მეორე თაობის ავტომობილი ახლოს იქნება პირველთან. ოღონდ, გაიზრდება ბორბლებს შორის ბაზა (თითქმის იაგუარ E-პეისის 2 681 მილიმეტრამდე) და ბორბლების ორივე კვალი. ამის წყალობით, სალონში სივრცე მნიშვნელოვნად მოიმატებს.
ძრავების გამაში, სერია ინჯენიუმის ბენზინის და დიზელის ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავები შევა. მათი სიმძლავრე 150-დან 300 ცხენის ძალამდე იქნება. ძრავებთან წყვილში, კომპანია ZF-ის წარმოების 9-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი იმუშავებს. დიდი ალბათობით, მეორე თაობის „ევოუკის“ აღჭურვილობაში ასევე ჰიბრიდული აგრეგატებიც შევა.
გარეგნულად, ახალი „ევოუკი“ „რეინჯ როვერ ველარის“ მსგავსი იქნება და მისგანვე არაერთ ტექნოლოგიასაც გაიზიარებს. მათ ინტერიერიც მსგავსი ექნებათ. ეს ნიშნავს, რომ „ევოუკის“ ცენტრალურ პანლზე ორი სენსორული ეკრანი განლაგდება. მაჩვენებლების დაფის როლსაც ციფრული ეკრანი შეასრულებს.

ახალი „რეინჯ როვერ ევოუკის“ მსოფლიო პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება, მისი გაყიდვები კი სტარტს 2019 წლის დასაწყისში აიღებს.

No comments:

Post a Comment