Wednesday, November 22, 2017

გრძელბაზიანი „იაგუარ XEL-ის“ დებიუტი ჩინეთში

გუანჯოუში გამართულ ავტო შოუზე, „იაგუარმა“ თავის კომპაქტურ სედან XE-ს გრძელბაზიანი ვერსიის, XEL-ის პირველი ჩვენება მოაწყო. გრძელბაზიანი ავტომობილები ჩინეთის ბიზნეს წრეებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რაც ავტომწარმოებლებს, იქაური მყიდველისთვის, თავიანთი სტანდარტული სედანების გრძელბაზიანი ვერსიების შეთავაზებას აიძულებს.
XEL-ს სტანდარტულ XE-ზე 100 მილიმეტრით გრძელი ბაზა აქვს, რომლის სიგრძეც 2 935 მილიმეტრია. ამ ათი სანტიმეტრით გაზრდილია სალონის სიგრძე, რაც უკანა სავარძლების მგზავრების კომფორტზე აისახება.

ავტომობილის საბაზო ვერსიის სტანდარტულ ეკიპირებაში შევიდა პანორამული სახურავი, ავტომატური ორზონიანი კლიმატ კონტროლი, ასევე ინფოტაინმენტ სისტემა, რომელშიც 8-დუიმიანი სენსორული ეკრანია გაერთიანებული. უფრო მდიდრულ ვერსიებზე გამოყენებულია ინტერიერის სივრცული განათება, კარის ზღურბლის ილუმინაცია, კომპანია „მერიდიანის“ აუდიო სისტემა. ოპციების ჩამონათვალში შევიდა პერფორირებული ტყავით გაფორმებული სალონი, მაჩვენებლების ციფრული კლასტერი და ხისგან დამზადებული დეტალები.
ძრავების გამაში ორი აგრეგატი შევიდა. მთგან ერთია ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი, რომელიც 200 ცხენის ძალას და 320 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამ ძრავით, სედანს ადგილიდან 100 კმ/სთ-ის მიღწევა 8.3 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 230 კილომეტრს აღწევს.
მეორე ძრავიც ოთხცილინდრიანი, 2.0-ლიტრიანი ტურბოა, ოღონდ მისი სიმძლავრე 250 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 365 ნიუტონმეტრს აღწევს. უფრო ძლიერი ძრავის დახმარებით, სედანს ადგილიდან ასის ასაკრეფად 7.3 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 240 კმ/სთ-ს აღწევს.
„იაგუარი“ გრძელბაზიან სედან XEL-ს ქალაქ ჩანგსუში არსებულ ქარხანაში გამოუშვებს, რომელსაც „იაგუარ ლენდ როვერი“ თავის ჩინელ პარტნიორ „ჩერისთან“ ერთად ფლობს. ცნობისათვის, ეს ქარხანა ჩინური ბაზრისთვის უკვე აწარმოებს „იაგუარ XFL-ს“, „ლენდ როვერ დისქავერი სპორტს“ და „რეინჯ როვერ ევოუკს“.

No comments:

Post a Comment