Wednesday, November 22, 2017

„იაგუარის“ ქარხანას“ ჟოზე მაურინიო ესტუმრა

20 ნოემბერი.
„იაგუარ ლენდ როვერის“ სოლიჰალის ქარხანას ცნობილი საფეხბურთო მწვრთნელი ჟოზე მაურინიო ესტუმრა. ის მის მიერ შეკვეთილი „F-პეისის“ აწყობის პროცესს დაესწრო. ეს ავტომობილი იმითაც არის საინტერესო, რომ ის რიგით მე-100 ათასე „F-პეისია“.
ფეხბურთის განთქმული სპეციალისტი „იაგუარის“ სამუშაო ფორმაში გამოწყობილი, თავის ავტომობილს საწარმოო ხაზზე დაჰყვებოდა და ქარხნის თანამშრომლებთან ერთად, თავადაც უმნიშვნელო სამუშაოებს ასრულებდა.

„ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოდგა „იაგუარის“ ქარხანაში სტუმრობა, აქ გამოშვებული ავტომობილების, ქარხნის ტექნოლოგიების ნახვა და ამ მშვენიერი ავტომობილის აწყობის პროცესის დასწრება. „იაგუარი“ არის ბრენდი, რომელთანაც არაერთი წელი მაკავშირებს. 2014 წელს მე გავხდი პირველი ბრიტანელი მომხმარებელი, რომელმაც კუპე „F-ტაიპი“ მიიღო და ახლა წილად მხვდა პატივი, გავმხდარიყავი მე-100 ათასე „F-პეისის“ მფლობელი“, - განაცხადა მაურინიომ.

„ჩვენთვის დიდი პატივია ის, რომ ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი „F-პეისის“ მფლობელი გახდა. ავტომობილის, რომელიც მსოფლიოს წლის ავტომობილის კონკურსზე, საუკეთესოდ და ყველაზე მშვენიერ ავტომობილად დასახელდა. მაურინიოს მსგავსად, „F-პეისიც“ ინდივიდუალური სტილით და საუკეთესო მახასიათებლებით გამოირჩევა“, - ამბობს „იაგუარის“ დიზაინის შტოს დირექტორი იენ ქალუმი.

No comments:

Post a Comment