12 აგვისტო.
როდესაც ლუქს კლასის ავტომობილის სალონს
ათვალიერებთ, არ გიკვირთ, რომ იქაურობა მაღალი კლასის ტყავითაა გაწყობილი. მაგრამ
მალე ეს შეიცვლება და ამ მიმართულებით „იაგუარ ლენდ როვერმა“ პირველი ნაბიჯი უკვე
გადადგა.
ბრიტანული კომპანია თავისი უახლესი „რეინჯ როვერ
ველარის“ მყიდველს უკვე სთავაზობს „ტყავის პრემიუმ ალტერნატივას“, რომელიც უფრო
ძვირი ღირს, ვიდრე სტანდარტული გაფორმებისთვის გამოყენებული ტყავი. თუმცა ძვირფასი
„უინძორის“ ტყავით შესრულებული ოპცია კვლავაც ყველაზე ძვირად ფასობს.
„ველარისთვის“ ბრიტანული კომპანია ბამბის ბოჭკოსგან
დამზადებულ ქსოვილებს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ყიდულობს, ავტომობილისთვის
კი მათ დანიური კომპანია „კვდრატი“ ამზადებს. გარდა ამისა, სალონის გასაწყობად
ასევე გამოყენებულია გადამუშავებული პლასტიკი.
„ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისადმი
დამოკიდებულება იცვლება. მდიდრული სამყარო იცვლება და იხვეწება. ადამიანები სულ
უფრო ხშირად ცდილობენ გააცნობიერონ, როგორ ხვდება მათს ავტომობილზე ეს პროდუქცია
და რომ ახალი პროდუქტები უფრო ხარისხიანიცაა და გამძლეც და ისინი გარემოზე
ნაკლებად ზემოქმედებს“, - ამბობს „ლენდ როვერის“ დიზაინის შეფი ჯერი მაკგოვერნი და
დასძენს: „პირადად მე მოხარული ვიქნები, თუ ტყავზე ხვალვე ყველა უარს იტყვის. არ
მომწონს, რომ ტყავის მისაღებად, ძროხების დახოცვა გვიწევს. უფრო მნიშვნელოვანი კი
ისაა, რომ ახალი ქსოვილები, განსხვავებული ხედვის შექმნის საშუალებას გვაძლევს“.
სხვათა
შორის, ლუქს და სპორტული ავტომობილების ინტერიერში სულ უფრო ხშირად იყენებენ
მასალას, რომელიც ალკანტარას სახელით არის ცნობილი. ის პოლიესტერის, პოლიურეთანის
ნარევს წარმოადგენს და შეხებისას ტყავზე გაცილებით უკეთეს შეგრძნებას იწვევს.
ტყავზე უარს ამბობენ „ტესლა“, „მაზერატი“, „ბენტლი“ და სხვა კომპანიები.
No comments:
Post a Comment