7 სექტემბერი.
„იაგუარ ფიუჩა-ტაიპ“ არის კონცეპტუალური ავტონომიური
ავტომობილი, რომელიც წარმოადგენს კომპანიის ხედვას იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს
მომავლის სატრანსპორტო საშუალება. ის უზრუნველყოფილია როგორც ავტონომიური, ასევე
კავშირის ტექნოლოგიებით და ელექტრული ძალური დანადგარით.
„იაგუარის“ კონცეპტის ყველაზე გამორჩეული ნაწილია
მსოფლიოში პირველი, ეგრეთ წოდებული საზრიანი, კავშირით უზრუნველყოფილი საჭის
რგოლი, რომელიც ავტომობილის მფლობელის კომპანიონი გახდება. კომპანიის დიზაინერ
მალკოლმ სეიერის საპატივცემულოდ (მისი შემუშავებულია ლეგენდარული მოდელი E-ტაიპი),
საჭის საზრიან რგოლს „სეიერი“ დაარქვეს. ეს არის ხელოვნური ინტელექტის მქონე საჭე,
რომელსაც ასობით დავალების შესრულება შეუძლია!
ის თქვენთვის გამოიძახებს ავტომობილს, შეგირჩევთ
სასურველ მუსიკას, რესტორანში მაგიდას დაგიჯავშნით და იმასაც დაგიზუსტებთ, თუ რა
ინახება თქვენი ბინის მაცივარში.
მოკლედ რომ ითქვას, თუ აკონტროლებთ „სეიერს“, ესე
იგი, ავტომობილიც თქვენს განკარგულებაშია. ეს არის ავტომობილის ტვინი და მასთან
დაკავშირებული ურთიერთობის საშუალებები. რა თქმა უნდა, „იაგუარი“ ამ ყველაფერს
თანამედროვე ავტომფლობელებს არ სთავაზობს. კონცეპტის ავტორები თვლიან, რომ ასეთი
ტექნოლოგიებზე მოთხოვნა დაახლოებით 2040 წლისთვის გაჩნდება. და ამაზე ზრუნვა
კომპანიამ ახლავე დაიწყო.
მაგალითად, მეორე დილის 8 საათისთვის შეხვედრა
გაქვთ დანიშნული. ამის შესახებ, ბინიდანვე შეატყობინებთ „სეიერს“, რომელიც საჭირო
დროს, ავტომობილს კართან მოგიყვანთ. ის იმ დროსაც გაითვალისწინებს, რაც შეხვედრის
ადგილამდე მისასვლელად არის საჭირო. გარდა ამისა, წინასწარ გკითხავთ, მარშრუტის
რომელ მონაკვეთში ისურვებთ ავტომობილის თქვენი ხელით მართვას და რომელ მონაკვეთში
- ავტონომიურ რეჟიმში გადაადგილებას. „სეიერის“ მეშვეობითვე შესაძლებელია გარე
სამყაროსთან კავშირი, თუ მგზავრობისას ამის სურვილს გამოთქვამთ. თუ დასვენებას
არჩევთ, არც ესაა პრობლემა.
ავტომობილი მოთხოვნით - ევროპაში ტრენდი უკვე
დაიწყო და მომავალში მთელს მსოფლიოს მოიცავს. „ფიუჩა-ტაიპი“ კი ამ საქმეში
უნივარსალობით იქნება გამორჩეული. ის მომხმარებლებს სალონის რამდენიმე
კონფიგურაციას შესთავაზებს. გარდა ამისა, „ფიუჩა-ტაიპი“ სხვა ავტომობილებთან
დამოუკიდებლად კომუნიკაციასაც შეძლებს და მათ სხვადასხვა ინფორმაციას გაუცვლის,
რაც არამხოლოდ მგზავრობის ოპტიმალური მარშრუტის შერჩევაში დაეხმარება, არამედ
უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს. მაგალითად, ერთი მანქანა მეორეს შეატყობინებს, რომ
მის მიერ შერჩეულ მარშრუტზე საცობია. სხვა შემტხვევაში, ავტომობილი სხვა
ავტომობილს მოსალოდნელ საფრხესაც ამცნობს.
No comments:
Post a Comment