24 ივლისი.
„იაგუარ ლენდ როვერმა“ ჩინეთში, იქაურ პარტნიორ
„ჩერი ავტომობილთან“ ერთად, ძრავების მწარმოებელი ქარხანა გახსნა. მასში სერია
ინჯენიუმის 2.0-ლიტრიან ოთხცილინდრიან ბენზინის ძრავებს გამოუშვებენ, რომლებსაც
„ჩერი“ და მისი ბრიტანელი პარტნიორი, თავიანთი ერთობლივი მოდელებისთვის
გამოიყენებენ.
„იაგუარ ლენდ როვერისთვის“ ჩინეთის ბაზარი სულ უფრო
მნიშვნელოვანი ხდება. წლის პირველ ნახევარში იქ კომპანიის გაყიდვები 26 პროცენტით
გაიზარდა. და ახალი მოდელების შეტანის კვალობაზე, კიდევ უფრო გაიზრდება. ახალი
ქარხნის გახსნა კი იმას ნიშნავს, რომ ბრიტანულ კომპანიას ჩინეთთან დაკავშირებით,
შორს მიმავალი გეგმები აქვს.
„იაგუარ ლენდ როვერმა“ და „ჩერიმ“ ავტომობილების
მწარმოებელი ერთობლივი ქარხანა სამი წლის წინათ აამოქმედეს და მას შემდეგ იქ 100
000 ავტომობილი გამოუშვეს. ჩინური ქარხანა „რეინჯ როვერ ევოუკს“ და „ლენდ როვერ
დისქავერი სპორტს“ და „იაგუარ XFL-ს“ აწარმოებს. ეს უკანასკნელი მხოლოდ
ადგილობრივი ბაზრისთვის არის განკუთვნილი. მალე ეს ქარხანა „იაგუარ E-ს“
წარმოებასაც დაიწყებს.
ჩინეთში გახსნილი ქარხანა, ბრიტანული ძრავების
ქარხნის ანალოგია. ის უახლესი დანადგარებით არის ეკიპირებული, რათა „იაგუარ ლენდ
როვერის“ ისტორიაში ყველაზე სრულყოფილი ძრავები გამოუშვას. მისი ფართობი 50 000
კვადრატული მეტრია. მასში მუშაობს სრულად მოქნილი ხაზები, რომლებსაც 28 რობოტი
ემსახურება.
ქარხნის მთავარი ნაწილი, სამანქანო დარბაზია, სადაც
სამ ხაზში 97 მანქანა-დანადგარია განაწილებული. მათში შედის როგორც ამწყობი
რობოტები, ასევე საბურღი, მაღალი წნევით რეცხვის და სხვა ტიპის დანადგარები.
ძრავების აწყობა პირველ ხაზზე, ალუმინის ბლოკით იწყება, რომელიც ლითონის რთული
ფორმის ნაჭრიდან, თანდათან ინჯენიუმის ძრავად გარდაიქმნება. აწყობის პირველ ეტაპზე
ხდება მისი დამუშავება, რა დროსაც, მაღალი წნევის სარეცხი დანადგარები, მუდმივად
აშორებენ საწარმოო ჭუჭყს და ნარჩენებს.
მეორე ხაზზე ცილინდრების ბლოკის (ესეც ალუმინისაა)
თავის აწყობა ხდება და ისიც მსგავს პროცედურებს გადის. მესამე ხაზზე ნაწრთობი
ფოლადის დეტალების დამუშავება ხდება. ყველა ხაზზე პარალელურად სრულდება მექანიკური
და ავტომატური შემოწმების პროცესი, რაც პროდუქციის მაღალი ხარისხის მისაღწევად
არის აუცილებელი.
ამწყობ დარბაზს, სამივე ხაზზე დამზადებული ბლოკი,
ცილინდრების თავები და ფოლადის დეტალები მიეწოდება, რომლებიც 17 ზონას გაივლიან,
სადაც მათ დაახლოებით 245 კომპონენტი დაემატება. პარალელურად მუდმივად ტარდება
ტესტები. ბოლო ეტაპზე კი სამივე ძირითადი ჯგუფი ერთი მთლიანი ძრავის სახით
ყალიბდება.
აწყობის შემდეგ, ხდება ძრავის ცივი ტესტირება, რაც
არის გარემოსადმი მეგობრული პროცედურა და მისი დანიშნულება ისაა, რომ დადასტურდეს
ძრავის უმაღლეს სტანდარტთან შესაბამისობა. ამის შემდეგ, ძრავი საწარმოს დატოვებს
და სასაწყობო სექციაში გადაინაცვლებს, საიდანაც ავტომობილის ამწყობ ქარხანაში
გაიგზავნება.
No comments:
Post a Comment