5 ოქტომბერი.
„ლენდ როვერმა“ განახლებული „რეინჯ როვერ სპორტი“ ოფიციალურად
წარმოადგინა. ახალი ავტომობილი წინამორბედის ევოლუციური ვერსიაა და მისგან მცირე
გარეგნული ცვლილების გარდა, რამდენიმე ტექნიკური სიახლითაც გამოირჩევა. მათ შორის
ყველაზე გამორჩეული, პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემაა. ეს არის ბრიტანული კომპანიის
პირველი ავტომობილი, რომელიც ამგვარი სისტემით აღიჭურვება.
განახლებულ „რეინჯ როვერ სპორტს“ ახალი წინა
ბამპერი, რადიატორის განსხვავებული ცხაური, და მატრიცული პიქსელ-ლაზერული LED
ფარები აქვს. საერთო ჯამში, ავტომობილი უფრო სოლიდურად და მდიდრულად გამოიყურება.
სალონი ახალი ინფოტაინმენტ სისტემა „ტაჩ პრო დუოთი“ აღიჭურვა, რომელშიც
10-დუიმიანი სენსორული ეკრანიც შედის. გარდა ამისა, მგზავრთა განკარგულებაში უფრო
მეტი დასამუხტი წერტილია. სიახლეა ეგრეთ წოდებული აქტიური გასაღები, რომელიც
თავისით, თითის დაჭერის გარეშე აღებს, ან ჩაკეტავს სალონს.
„რეინჯ როვერ სპორტის“ ჰიბრიდული ვერსიის აღნიშვნაა
P400e. მის ძალურ დანადგარში შევიდა ბენზინის ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ძრავი
და ელექტრო ძრავი, რომელსაც ენერგიით 13.1-კილოვატსაათიანი ლითიუმ-იონური
ელემენტების ბლოკი კვებავს. დანადგარის ჯამური სიმძლავრე 404 ცხენის ძალაა,
მაქსიმალური მაბრუნ მომენტი კი - 640 ნიუტონმეტრი. პლაგ-ინ ჰიბრიდულ P400e-ს
ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 6.3 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე
კი 220 კმ/სთ-ს აღწევს. ელემენტების ტევადობა 51 კილომეტრის გასავლელად არის საკმარისი,
მათ სრულ დამუხტვას კი 2 საათი და 45 წუთი ჰყოფნის.
ოდნავ გაუმჯობესდა ვერსია SVR-ის მონაცემები. მისი
მექანიკური დამჭირხნით აღჭურვილი 5.0-ლიტრიანი V8 ახლა უკვე 575 ცხენის ძალას
გამოიმუშავებს. მისი მეშვეობით კი ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა
4.3 წამში შეუძლია.
„რეინჯ როვერ სპორტის“ პლაგ-ინ ჰიბრიდულ ვერსიას
მუშაობის ორი ძირითადი რეჟიმი აქვს - პარალელურ ჰიბრიდული და ელექტრული. პირველ
შემთხვევაში, ძალური დანადგარი შიდაწვის და ელექტრულ ძრავებს ერთდროულად იყენებს.
ამ შემთხვევისთვის, აგრეგატს ორი ფუნქცია ეხმრება. ესენია „სეივ“, რომლის დროსაც
ელემენტებში ენერგიის მოხულობა, წინასწარ შერჩეულ დონეზე დაბლა არ ჩამოდის და
ენერგიის ოპტიმიზაციის ფუნქცია. ამ დროს, სისტემა იყენებს ნავიგაციის სისტემის და GPS-ის
მონაცემებს და მათი გათვალისწინებით, მარშრუტის შედგენაშიც მონაწილეობს. რაც
მთავარია, აგრეგატს ისე ამუშავებს, რომ მაქსიმალურად დაზოგოს როგორც ელექტრო
ენერგია, ასევე საწვავი.
ელექტრული რეჟიმის დროს, ავტომობილი მხოლოდ ელექტრო
ძრავის მეშვეობით გადაადგილდება და ამ დროს, ის მხოლოდ ელემენტებში დაგროვილ ენერგიას
იყენებს. ელექტრო ძრავი ZF-ის მიერ შემუშავებულ 8-საფეხურიან ავტომატურ
გადაცემათა კოლოფთან არის ინტეგრირებული და მისი სიმძლავრე 85 კილოვატია.
No comments:
Post a Comment