24 სექტემბერი.
„ლენდ როვერმა“ თავისი ახალი „დისქავერის“
საბუქსირე შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ, ორიგინალური ხერხი გამოიყენა -
უგზოობის მოდელს 100 მეტრის სიგრძის საგზაო მატარებელი ჩაუბა. ექსპერიმენტი
ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე ჩატარდა და ავტომობილმა დაკისრებულ მოვალეობას
თავი ღირსეულად გაართვა.
„დისქავერის“ დახასიათებაში ოფიციალურად
მითითებულია, რომ მას საერთო სარგებლობის გზებზე, 3 500-კილოგრამიანი მისაბმელის
ტარების უნარი აქვს. მაგრამ ამჯერად, ბრიტანული კომპანიის ახალმა ავტომობილმა
100-ტონიანი საგზაო მატარებელი 16 კილომეტრის მანძილზე ატარა. ამაში მას 258
ცხენის ძალის მქონე 3.0-ლიტრიანი ტურბო დიზელის (მაქსიმალური მომენტი 600
ნიუტონმეტრი აქვს) ძრავი და სრულამძრავიანი სისტემა დაეხმარა.
საგზაო მატარებლებს, რომლების შემადგენლობაშიც
მაქსიმუმ ოთხი ტრეილერი შედის, მხოლოდ ავსტრალიის შორეულ გზებზე იყენებენ. მათი
საშუალებით, საწვავი და მადანი გადააქვთ და მსხვილფეხა საქონელი გადაჰყავთ. მკაცრი
რეგულაციები, ასეთი მატარებლების სიგრძეს 53.5 მეტრით ზღუდავენ. ამიტომ, „ლენდ
როვერმა“ სპეციალური ნებართვა აიღო იმისთვის, რომ ორიგინალური გამოცდა
ჩაეტარებინა. ექსპერიმენტის დროს, მისაბმელში შვიდი ტრეილერი და 12-ტონიანი
ტრაქტორი იყო ჩაბმული. ამასთან, „დისქავერის“ მძღოლს ტრეილერების მუხრუჭებით
სარგებლობის საშუალება ჰქონდა.
საინტერესოა,
რომ მსგავსი ტესტი „დისქავერის“ პირველ თაობასაც ჩაუტარდა - 1989 წელს რკინიგზის
მატარებლის შემადგენელობა ჩაიბა, შარშან კი „დისქავერი სპორტმა“ ასევე სარკინიგზო
შემადგენლობა ბუქსირით გაატარა. ავსტრალიაში ჩატარებული ექსპერიმენტის დროს
გამოიყენეს „დისქავერი“, რომელზეც ძრავთან წყვილში 8-საფეხურიანი ავტომატური
ტრანსმისიაა დაკავშირებული. ის სპეციალურად მომზადებული საბუქსირე კვანძით
აღიჭურვა.
No comments:
Post a Comment