Friday, July 27, 2018

„იაგუარის“ ელექტრომობილი თქვენს ჯიბეში

„იაგუარმა“ ახალი, ინტელექტუალური აპლიკაცია გამოუშვა, რომელიც მფლობელს თავის ელექტრომობილ „იაგუარ I-პეისის“ შესახებ ყველა ინფორმაციას მანამ მიაწვდის, სანამ ის ავტომობილში ჩაჯდება. აპლიკაციის სახელია „გოუ I-პეის“, ის „ეპლის“ საოპერაციო სისტემასთან არის თავსებადი და მისი დახმარებით, თქვენ მომავალი მგზავრობის შესახებ, ბევრ რამეს შეიტყობთ.

მაგალითად, ხარჯის დაზოგვისთვის რისი გაკეთებაა საჭირო, ელემენტები როგორ უნდა გამოიყენოთ, რათა მაქსიმალურად ბევრის გავლა მოახერხოთ, ან რამდენჯერ დამუხტვა დაგჭირდებათ კვირაში და ასე შემდეგ. ეს ინფორმაცია საჭიროა იმის მიუხედავად, რომ ბრიტანელთა მხოლოდ 2 პროცენტს უწევს დღეში საშუალოდ 80 კილომეტრზე მეტის გავლა. „I-პეისს“ ერთი სრული დამუხტვით, დაახლოებით 500 კილომეტრის გავლა შეუძლია. ასე რომ, ბრიტანელთა უმეტესობა, ელემენტების ბლოკის ტევადობას მთელი სამუშაო კვირა იმყოფინებს.
აპლიკაციის გახსნისას, მფლობელს თავისი „I-პეისის“ ენერგიის მარაგის ნახვა შეუძლია. მგზავრობის დანიშნულების ადგილის მონაცემების შეყვანის შემდეგ, აპლიკაცია სწრაფად გამოითვლის ყველაზე ოპტიმალურ მარშრუტს, მისი გავლისთვის საჭირო ენერგიის მოცულობას და გზაზე არსებულ დასამუხტ წერტილებს უჩვენებს.
„ელექტრომობილზე გადაჯდომა სერიოზული გადაწყვეტილებაა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა, ვინც „I-პეისს“ გაატარებს, მის დინამიკას, შესაძლებლობებს, პრაქტიკულობას და კომფორტს დააფასებს. ერთადერთი, რასაც ტესტ დრაივი არ გიჩვენებთ, ამ ავტომობილის დაბალი საექსპლუატაციო ხარჯები და ის ეფექტია, რასაც სპორტული ელექტრომობილით ყოველდღიური სარგებლობა იძლევა. აპლიკაცია „გოუ I-პეის“ იმისთვის არის შექმნილი, რომ მომხმრებლებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს“, - ამბობს „იაგუარ I-პეისის“ წარმოების დირექტორი იან ჰობანი.

No comments:

Post a Comment