„იაგუარ F-ტაიპ SVR“ სიმძლავრითაც
გამოირჩევა და დახვეწილი გარეგნობითაც. და ამიტომ, თაყვანისმცემლები არ აკლია.
თუმცა ახალი გრაფიკული პაკეტით, რომელიც პირველად ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა,
ბრიტანული კომპანია თავის კლიენტებს კიდევ უფრო მეტ ექსკლუზიურობას სთავაზობს.
პაკეტის სახელია „გრაფიკ პაკ“ და ის ავტომობილს კიდევ
უფრო ტემპერამენტიან, სარბოლო იერს ანიჭებს. პაკეტი ავტომობილის განსხვავებულ
ფერთა შეხამებას ითვალისწინებს. სულ ფერების ექვსი კომბინაციაა. ამ შეხამების
თავისებურება ისაა, რომ რადიატორის ცხაურს, ძარის ფერთან შედარებით მკეთრი ფერის
არშია ამშვენებს. ეს ფერი ასევე გვხვდება გარე სარკეებზე, აეროდინამიკურ
ელემენტებზე და კაპოტზე, რომელსაც განივ ზოლად ეკვრის.
ფოტოზე გამოსახული ავტომობილი მუქ ნაცრისფრად
(კორის გრეი) არის შეღებილი, რომელთანაც მკვეთრი ლურჯი (ულტრა ბლიუ) არის შეხამებული.
ასევე არის პაკეტი ამავე ფერებით, ოღონდ ძარა ლურჯია. გარდა ამისა, პაკეტში
შემდეგი კომბინაციები შედის: თეთრი (იულონგ უაით) წითლით (ფირენცე რედ), შავი
(სანტორინი ბლექ) ოქროსფერით, წითელი (კალდერა რედ) შავით და ვერცხლისფერი (ინდუს
სილვერ) შავით.
„იაგუარ ლენდ როვერის“ მთავარი დიზაინერი იან
ქელამი ამბობს, რომ „იაგუარ F-ტაიპ SVR“ კომპანიის ისტორიაში ყველაზე სწრაფი, დინამიური
და დრამატული ავტომობილი. და პაკეტი „გრაფიკ პაკი“ მის სპორტულ ხასიათს საუკეთესოდ
გადმოსცემს.
„იაგუარ F-ტაიპ SVR“ ახალი პაკეტით და მის გარეშეც,
5.0-ლიტრიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც მექანიკური კომპრესორის
მეშვეობით, 575 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ტრანსმისია ოთხივე ბორბალს (წინები 265/35
R20 და უკანები - 305/30 R20) უკავშირდება. ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ
სიჩქარის მიღწევა 3.5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 322 კილომეტრია.
No comments:
Post a Comment